ხარისხის პოლიტიკა
შპს „ენგურჰესში“ ISO საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება. აღნიშნული ინიციატივა ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების, ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებთან კომპანიის იმიჯის განმტკიცებისა და სამუშაოთა შესრულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
საწარმოს საქმიანობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ინერგება ინტეგრირებული მართვის სისტემა, რაც საერთაშორსო სტანდარტების 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს:
ISO 9001 - ხარისხის მენეჯმენტი;
ISO 45001 - სამუშაო გარემოს, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტი;
ISO 14001 - გარემოს დაცვის მენეჯმენტი.
აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და მისი მუშა მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით, საწარმოში შეიქმნა ხარისხის მართვის სამსახური, რომელიც სამივე სტანდარტის დანერგვის პროცესს ხელმძღვანელობს.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა შპს „ენგურჰესის“ ხარისხის პოლიტიკა, ორგანიზაციის სამუშაო გარემოს, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა, საწარმოს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის პოლიტიკა. ამავდროულად შემუშავდა მეთოდური ინსტრუქციები (MI დოკუმენტები), სამუშაო გარემოსა და მიმდინარე პროცესების აღწერილობითი დოკუმენტები (PD) და სტანდარტული სამუშაო ინსტრუქციები (SOP დოკუმენტები).
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გამოიკვეთა საწარმოს წინაშე არსებული საფრთხეები, რომელთა შეფასების შედეგად დადგინდა ის ძირითადი რისკები, რაც შეიძლება კომპანიის საწარმო პროცესს საერთაშორისო სტანდარტების ცალკეული სისტემასთან მიმართებით ახლდეს. შემუშავდა დადგენილი რისკების აღმოფხვრის საგანგებო-კრიზისული გეგმა, გამოიკვეთა რისკები, რომლებიც დაუყოვნებლივ აღმოფხვრას საჭიროებენ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში დაიგეგმა მაკორექტირებელი ქმედებები, რომელთა დროული გატარებაც კომპანიის რისკ-ფაქტორებს მინიმუმამდე ამცირებს.
შპს „ენგურჰესში“ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ პროცესი მიმდინარეობს როგორც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე - აფხაზეთში. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად, სტანდარტების დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ენგურჰესმა ISO-ს რესერტიფიცირება 2026 წლამდე წარმატებით გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციამ სერტიფიკატები სამივე მიმართულებით შეინარჩუნა.