მშენებლობა

ენგურჰესის მშენებლობის 17 წელი უამრავი სირთულით, დაძაბული შრომითა და, რა თქმა უნდა, საინტერესო მიღწევებით იყო დატვირთული. ამ ყველაფრის შედეგად კი, 1978 წლის 5 ნოემბერს, პირველი ჰიდროაგრეგატი ამუშავდა. ორი დღის შემდეგ, 7 ნოემბერს, საწარმო ერთიან ქსელში ჩაერთო და ენგურჰესმა ელექტროენერგიის პირველი კილოვატ-საათი გამოიმუშავა. დღეისათვის ენგურჰესი არსებობის 45 წელს ითვლის და მისი ისტორია იწყება იდეით, რომლის რეალიზაციასაც რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა.

 

მდინარე ენგურის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებაზე ფიქრი ჯერ კიდევ ჰიდროენერგეტიკის გარიჟრაჟზე, მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ნიკო ნიკოლაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა. მან მოიწვია სპეციალისტები, რომელთაც პროექტი შეადგინეს. თუმცა ეს იდეა მშენებლობის ბიუჯეტის მოცულობისა და პირველი მსოფლიო ომის გამო, ვერ განხორციელდა. მდინარე ენგურის ჰიდროპოტენციალის ათვისების მიზნით, რამდენიმე პროექტი შემუშავდა - 30-იან, 40-იან და 50-იან წლებში. საბოლოოდ კი, 1961 წლიდან დაიწყო მშენებლობა იმ პროექტით, რომლის მიხედვითაც დღეს ენგურჰესი არის აგებული. 

 

ენგურჰესის მშენებლობა კარგა ხანს გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა. ეს კი პასუხისმგებლობასა და დასახული ამოცანის სირთულეს აორმაგებდა. 3 აგრეგატი 1978 წლის ბოლოს გაეშვა, მეოთხე - 1979 წელს, მეხუთე კი - 1980 წელს. თუმცა ენგურჰესის მშენებლობა კიდევ 7-8 წელიწადს გაგრძელდა და რეალურად, 80-იანი წლების ბოლოს დასრულდა. უფრო მეტიც, კაშხალზე ცალკეული სამუშაოები რეაბილიტაციის პროექტითაც კი გაგრძელდა. 1980 წლისთვის თაღოვანი კაშხლის დაახლოებით 60%-ი იყო აშენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ენგურჰესის მიწისქვეშა სადგური მუშაობდა, კაშხლის დაბეტონება კი ისევ გრძელდებოდა.

 

დღეს უკვე ყველა თანხმდება, რომ ენგურჰესის მშენებლობა ქართული ინჟინერიისა და ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ძალიან თამამი განაცხადი იყო. იდეის სირთულიდან გამომდინარე და ამ მიმართულებით არსებული მწირი გამოცდილების გამო, სპეციალისტთა ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი. თუმცა ფრთხილობდნენ ოპტიმისტებიც, რადგან მათ მშენებლობის მასშტაბურობა და რელიეფის სირთულე აფრთხობდა.

 

აღსანიშნავია, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ლაჯანურჰესის შემდეგ, ენგურჰესი პირველი თაღოვანი კაშხალი იყო. შესაბამისად, ამ მიმართულებით გამოცდილება არ არსებობდა.  სწორედ ამან განაპირობა უცხოელი სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობა. გარდა ამისა, არ არსებობდა ისეთი საბჭოური ტექნიკა, რომლითაც ადგილზე არსებული ქანები გაიბურღებოდა. ამიტომაც იყენებდნენ შვედურ და ფინურ აღჭურვილობას, თავად დაპროექტებაზე კი იტალიელები და ფრანგები მუშაობდნენ.

 

მიუხედავად ზემოთ ხსენებული სირთულეებისა, დღეს უკვე ენგურჰესი მსოფლიო დონის ნაგებობაა. ჰიდროელექტროსადგურის ობიექტები წალენჯიხისა და გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა განლაგებული. კერძოდ, კაშხალი, წყალსაცავი და 15,5-კილომეტრიანი სადაწნეო გვირაბის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი წალენჯიხაში მდებარეობს, ხოლო გვირაბის დარჩენილი ნაწილი - 5,5-კილომეტრიანი მონაკვეთი, ძალოვანი კვანძი, მიწისქვეშა სადგური, ჰიდროაგრეგატები, ტრანსფორმატორები, ღია გამანაწილებელი მოწყობილობა და წყალგამყვანი გვირაბი გალის რაიონის ტერიტორიაზეა.

 

აფხაზეთში მდებარეობს ვარდნილჰესების კასკადი თავისი დღეღამური რეგულირების წყალსაცავით, ჰიდროელექტროსადგურის შენობითა და 26 კმ-იან არხით. ამჟამად ვარდნილჰესი II-ის, ვარდნილჰესი III-ისა და ვარდნილჰესი IV-ის ძირითადი და დამხმარე ელექტრომოწყობილობები გაძარცული და მწყობრიდან გამოსულია. ვარდნილჰესი - I  კი, ადგილობრივ სპეციალისტთა თავდადების წყალობით, მუშა მდგომარეობაში შენარჩუნდა.  აღსანიშნავია, რომ უკვე 1972 წელს, ვარდნილჰესი I-ის პირველი აგრეგატი საექსპლუატაციოდ გადაეცა. პარალელურად მიმდინარეობდა ვარდნილჰესი II-ის, ვარდნილჰესი III-ისა და ვარდნილჰესი IV-ის მშენებლობა. სამივე მათგანი ვარდნილჰესი I-დან  5,5 კმ-ის, 10,1 კმ-ისა და 14,9 კმ-ის დაშორებით, წყალგამტარ არხზე განლაგდა.

მშენებლობა