შპს "ვარდნილჰესების კასკადი"
შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ შპს „ენგურჰესის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საწარმო აფხაზეთში, გალის რაიონში მდებარეობს. მის შემადგენლობაშია ოთხი ჰიდროელექტროსადგური: ვარდნილჰესი I, ვარდნილჰესი II, ვარდნილჰესი III და ვარდნილჰესი IV, რომელთა დადგმული სიმძლავრე 340 მეგავატია.
ენგურის კასკადის მშენებლობის მოსამზადებელი პერიოდი 1961 წელს დაიწყო. 1972 წელს კი ვარდნილჰესი I-ის პირველი აგრეგატი ამუშავდა, ქსელში ეტაპობრივად ჩაერთო დანარჩენი სამი ჰესიც. ამჟამად ფუნქციონირებს მხოლოდ ვარდნილჰესი I, რომელიც სეზონური რეგულირების 146 მლნ კუბური მეტრის წყალსაცავის მქონე კაშხალთან მდებარე ჰიდროელექტროსადგურს წარმოადგენს. მისი დადგმული სიმძლავრე 220 მვტ-ს შეადგენს. ვარდნილჰესი I-ის ექსპლუატაციაშია სამი ჰიდროგენერატორი, თითოეულის სიმძლავრე 73,3 მვტ-ია. საომარი მოქმედებების პერიოდში ვარდნილჰესი II, ვარდნილჰესი III და ვარდნილჰესი IV მთლიანად გაიძარცვა და წყალგამყვანი არხის დონეებამდე დაიტბორა.
ვარდნილჰესი I მდინარე ერისწყლის ხეობაში, გალის ჩრდილოეთით მდებარეობს . მასში შედის კაშხალთან არსებული მიწისზედა ჰესი, სამშენებლო გვირაბი, წყალმიმღები, წყალგამტარი ნაგებობები და ღია გამანაწილებელი მოწყობილობა. ვარდნილჰესი I-ის მშენებლობა 1968 წლის 26 ნოემბერს დასრულდა. პარალელურად მიმდინარეობდა დანარჩენი ვარდნილჰესების მშენებლობაც. ისინი განლაგდა წყალგამტარ არხზე- ვარდნილჰეს I-ისაგან 5.5, 10.1, 14.9 კილომეტრის დაშორებით. ყოველ მათგანს წამში კუბური მეტრი წყლის ხარჯვის პირობებში ერთნაირი - 11,2 მეტრი დაწნევა აქვს. ვარდნილჰესი II-ის, III-სა და IV-ის ჯამური სიმძლავრე 120 მვტ-ს შეადგენს (თითოეულის სიმძლავრე 40-40 მვტ-ია).
2011 წლის ივლისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და შპს „ენგურჰესს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ვარდნილნილჰესი I-ს მოწყობილობების რეაბილიტაციისთვის 20 მლნ ევრო გამოეყო. აღნიშნული პროექტით 2012-2017 წლებში ვარდნილჰესი I-ის ძირითად და დამხმარე ელექტრომოწყობილობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეიცვალა აგრეგატრებისა და 220/110 კვ ხაზების მართვის, დაცვისა და სიგნალიზაციის პანელები. 220/110 კვ ღია გამანაწილებელ მოწყობილობაში კი სრულად განახლდა ძაბვის აპარატურა, აღდგა სათავე ნაგებობის ელექტრომოწყობილობები, მართვის პანელები და მექანიკური ნაწილი.
რეაბილიტაციის შედეგად, წინა წლებთან შედარებით, აგრეგატების მუშაობის საიმედოობა და ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზარდა, ელექტრომოწყობილობების ოპერატიული უსაფრთხოების მდგომარეობა კი გაუმჯობესდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მოწყობილობისა და დანადგარის აღდგენითი სამუშაოები ვარდნილჰესების კასკადზე გრძელდება.
ბოლო წლებში ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მაჩვენებლებია:
2015 წელი - 592 მლნ კვტ.სთ;
2016 წელი - 662 მლნ კვტ.სთ;
2017 წელი - 670 მლნ კვტ.სთ;
2018 წლის ბოლოსთვის - 700 მლნ კვტ.სთ.