რეაბილიტაცია

ნებისმიერი ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა 20-25 წელიწადში კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.  ენგურჰესის ნაგებობებს კი, მათი სირთულიდან და პარამეტრებიდან გამომდინარე, შეკეთება 10-15 წელიწადში ერთხელ სჭირდება. რაც შეეხება აგრეგატებსა და ტრანსფორმატორებს, ამ შემთხვევაში კაპიტალური რემონტის ვადები კიდევ უფრო ნაკლებია. იმ რეალობაში, რომელშიც აღმოჩნდა ენგურჰესი, 20 წლის განმავლობაში სრულფასოვანი მასშტაბური მომსახურების ჩატარება ვერ ხერხდებოდა. ამიტომაც 1990-იანი წლების ბოლოსთვის, საწარმოს უმეტესი ტექნიკური შემადგენლობა კაპიტალურ რემონტს  საჭიროებდა. თუმცა იმ დროისთვის არსებული სერიოზული ეკონომიკური პრობლემების გამო, ბიუჯეტიდან დაფინანსება წარმოუდგენელი იყო. არა და, წლების განმავლობაში, იმის ნაცვლად, რომ საწარმოში გეგმური კაპიტალური რემონტი ჩატარებულიყო, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც კი ვერ ხერხდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ის მცირე თუ დიდი დანადგარი, რომლებიც შეცვლას ან გარემონტებას  საჭიროებდა, ვერც იცვლებოდა და ვერც რემონტდებოდა. 

 

რა თქმა უნდა, ენგურჰესის შენარჩუნება იმ მდგომარეობაში, რომ მას შესძლებოდა თუნდაც მინიმალური ელექტროენერგიის გამომუშავება, არის სწორედ იმ ტექნიკური პერსონალის დამსახურება, რომელიც ყველა სახის სარემონტო სამუშაოს მხოლოდ საკუთარი ძალებით ახერხებდა. მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებში საწარმო მინიმალურად აუცილებელ თანხებსაც კი ვერ იღებდა და შესაბამისად, ვერც სათადარიგო ნაწილების შეძენა ხერხდებოდა, აგრეგატები მუშაობდა და ენგურჰესი სასიცოცხლოდ აუცილებელ ელექტროენერგიას აწვდიდა ქვეყანას. თუმცა როგორც ნაგებობების, ისე - მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. სწორედ ამიტომ, 2000-იანი წლების დასაწყისიდან მივედით იმ ეტაპამდე, რომ ენგურჰესი, პრაქტიკულად, სულს ღაფავდა და გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. 

 

ამ მიმართულებით ობიექტის შესწავლა 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო. იმ დროისთვის, ფაქტობრივად, ხუთიდან ერთი აგრეგატი აღარ არსებობდა. კერძოდ, მესამე აგრეგატის ადგილზე ცარიელი ორმო იყო დარჩენილი. ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის ფართომასშტაბიანი პროექტი 1998-2001 წლებში შემუშავდა. საქართველოს მთავრობისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით კი, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2003-2014 წლებში განხორციელდა. 

 

რას გულისხმობს ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი? 


თუ ტექნიკურ მოწყობილობებს შესაბამისი მიმდინარე და კაპიტალური რემონტი დროულად არ ჩაუტარდა, ის ავტომატურად გადადის ისეთ ტექნიკურ მდგომარეობაში, რომ მას სჭირდება არა კაპიტალური რემონტი, არამედ - უფრო მასშტაბური პროცედურა, რომელსაც ჰქვია რეაბილიტაცია ანუ აღდგენა. ასე მოხდა მესამე აგრეგატის შემთხვევაშიც. შესაბამისად, დაიწყო რეაბილიტაციის პროექტი, რადგან ეს უკვე კაპიტალურ ან სხვა სახის სამუშაოდ ვეღარ ჩაითვლებოდა. ამდენად, რეაბილიტაციის პროექტმა მოიცვა სასწრაფო და გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ ელექტროენერგიის გამომუშავებასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, ეს ეხებოდა აგრეგატებს, ტრანსფორმატორებს, ტურბინებს და ა.შ. ეს იყო საჭირო იმისთვის, რომ ენგურჰესი რაც შეიძლება სწრაფად, მეტ-ნაკლებად გამომუშავების შესაძლებლობის რეჟიმში ჩამდგარიყო.

 

პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, რეაბილიტაცია თავიდანვე 15-20- წლიან პერიოდს მოიცავდა. მსგავსი სამუშაოების ერთდროულად ჩატარება თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო. ამიტომაც ის ეტაპებად უნდა გაწერილიყო და ასეც მოხდა. პირველი ეტაპი 2003-დან 2009 წლამდე გაგრძელდა. სწორედ ამ დროს სამი აგრეგატის რეაბილიტაცია მოხდა, დანარჩენ ელექტრომოწყობილობებს კი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. გარდა ამისა, 2006 წელს, ენგურჰესის კაშხლისა და სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. შესაბამისად, 2015 წელს რეაბილიტაციის სამი ფაზა დასრულდა, მეოთხე ეტაპი კი 2016 წელს დაიწყო და გარკვეული სამუშაოები 2020-2021 წლებშიც დაემატა. ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ ის, რომ ენგურჰესი და „ვარდნილჰესი I“ დღეს სავსებით გამართულად მუშაობს. 


როდის დასრულდება ენგურჰესის რეაბილიტაცია?


ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის ფინალური ეტაპი მოიცავს სამუშაოებს, რომლებიც 2024-2027 წლებში უნდა შესრულდეს. ტექნიკური უსაფრთხოებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგეგმილ პროცესში გადამწყვეტი არის ტექნიკური სტაბილურობა, სეისმური მდგრადობის უზრუნველყოფა და სადერივაციო გვირაბის სამუშაოების დასრულება. გარდა ამისა, ეს არის იმ დაგროვილი კაპიტალური სამუშაოების აუცილებლობა, რომელიც ენგურჰესს სჭირდება. ეს ეხება რიგი ელექტრო და ჰიდრომექანიკური მოწყობილობის შეცვლას, ადაპტაციას, მოდერნიზაციას და ა.შ. აქვე გათვალისწინებულია გზების მოწყობა, რაც კაშხლის ექსპლუატაციისა და მონიტორინგის უსაფრთხო წარმოებისთვის არის აუცილებელი. გეგმის მიხედვით, რეაბილიტაციის მეხუთე ფაზა 2026-2027 წლებში უნდა დასრულდეს. თუ ყველაფერი განრიგის მიხედვით წარიმართა, უახლოესი 15-20 წელიწადი ენგურჰესს  კაპიტალური რემონტი აღარ უნდა დასჭირდეს. ამდენად, რეაბილიტაციის მეოთხე საფეხურის ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, ენგურჰესი მიმდინარე რემონტების რეჟიმში გადავა, რაც მისი ბუნებრივი მდგომარეობა იქნება. 

რეაბილიტაცია