მშენებლობა
საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის აგებაზე ფიქრი პირველად დიდმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო. ამ მიზნით მან ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდინარეებზე პროფესიული ანალიზის ჩასატარებლად სპეციალისტები მოიწვია.
კვლევის შედეგად ყურადღება ენგურზე შეჩერდა და მისი პოტენციალის შესწავლა გადაწყდა. გარკვეულ მიზეზთა გამო ამ საქმისთვის თანხის მოძიების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსების გამოყენებისთვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ მისი იდეის ხორცშესხმა იმ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.
1913-1914 წლებში იტალიელმა სპეციალისტებმა გამოთქვეს მოსაზრება ენგურზე მცირე სიმძლავრის ჰესის მოწყობის შესახებ, მაგრამ ვერც ამ პროექტის განხორციელება მოხერხდა. 1926-27 წლებში შემუშავდა სქემა, რომლის მიხედვითაც მდინარე ენგურზე, სოფელ ვალხორიდან ანაკლიამდე, 233 მეგავატი ჯამური სიმძლავრის 13 ჰესი უნდა აგებულიყო.
მდინარე ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის აგების იდეის რეალიზაციისთვის პირველი ნაბიჯები XX საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში გადაიდგა. 1960 წელს „ჰიდროპროექტმა“ მდინარე ენგურის ენერგეტიკული მიზნებისთვის გამოყენების სქემა შეიმუშავა. საბოლოოდ, 1965-70-იან წლებში შეიქმნა მთლიანი პროექტი, რომლის მიხედვითაც ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო.
ენგურჰესის მშენებლობა ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამი ჩანაფიქრის განხორციელება იყო. ეს იდეა ითვალისწინებდა უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსის აგებას, რასაც ბევრი სპეციალისტი ეჭვის თვალით უყურებდა. პროექტის დასაბუთებისა და დამტკიცებისთვის უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვა გახდა საჭირო.
სკეპტიკოსები ამგვარი ტიპის მშენებლობას ფანტასტიკურ ჩანაფიქრად და უტოპიად მიიჩნევდნენ. ოპტიმისტებს კი მშენებლობის მასშტაბურობა და რელიეფის სირთულე აფრთხობდა. იდეის მომხრეებს მომავალი თაღოვანი კაშხლის გრანდიოზულობა და ადგილის სეისმომდგრადობის პრობლემა უკარგავდა მოსვენებას. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ საქართველოში ასეთი მშენებლობის დაწყების პრეცენდენტი არ არსებობდა.
