ენგურჰესზე რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს

4 ოქტ 2019

ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურებზე მასშტაბური რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების მოსამზადებელი და განხორციელების პერიოდი 2018 – 2021 წლებს მოიცავს.

 

საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საკრედიტო ხელშეკრულება 2018 წლის 5 იანვარს გააფორმა. შეთანხმება ენგურჰესზე საბოლოო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

 

ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია სამშენებლო-სარეაბილიტაციო და მონიტორინგის სამუშაოები, რომლებიც ენგურის სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაციასა და გვირაბის ფილტრაციის გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებას ითვალისწინებს. დაგეგმილია სადაწნეო გვირაბთან მისასვლელი შტოლნების რეაბილიტაცია, გალის წყალსაცავის კაშხლის (ვარდნილჰესი) უქმი წყალსაშვის დახრილ მონაკვეთზე დაზიანებული უბნებისა და კედლების შეკეთება, წყალგამყვანი არხის საწყისი მონაკვეთის რკინა-ბეტონის საფარით მოსახვა და ბურღვა-ცემენტაცია. ამავე სამუშაოების ფარგლებში ვარდნილჰესი I-ის ქვედა ბიეფში გამყვანი არხის მარჯვენა ნაპირზე დამეწყრილი მონაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები და ხოკოს მეწყრის (ენგურის რეზერვუარის მარცხენა ფერდზე) მონიტორინგი განხორციელდება.
 

ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია ჰიდრომექანიკური სამუშაოები, რომლებიც სატურბინე მილსადენების რემონტს,  წყალმიმღების დისკური საკეტების ბაიპასისა და კაშხლის სიღრმული წყალსაშვების ფარების შემჭიდროების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. დაგეგმილია ვარდნილჰესი II-ზე უქმი წყალსაშვის ფარებისა და ამწე მექანიზმის მოწოდება-მონტაჟი, მდინარე ენგურის ბუნებრივი კალაპოტიდან ვარდნილჰესი I-ის წყალსაცავში წყლის გადასაგდები დამბისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების რეაბილიტაცია. პროექტით გათვალისწინებული ელექტრომექანიკური სამუშაოები კი ენგურის გამანაწილებელი ქვესადგურის მოწყობილობების ნაწილობრივ განახლებასა და ენგურის კაშხლის ელექტრომომარაგების სისტემის მთლიან შეცვლას ითვალისწინებს. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია ენგურის წყალსაცავში კაშხლის მახლობელი ზონების დანალექი მასებისგან გაწმენდა.

 

რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი ბეტონის 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობასა (აფხაზეთის გამშვები პუნქტიდან ენგურჰესამდე) და გვირაბისკენ მიმავალ გზაზე დამეწყრილი უბნების აღდგენა-გამაგრებასაც მოიცავს. პროექტის ცალკე კომპონენტს წარმოადგენს მდინარე ენგურის წყალშემკრები აუზის მეტეოროლოგიური მონიტორინგისა და მონაცემთა დამუშავების სისტემის შემუშავება, მეტეოროლოგიური სადგურისა და შესაბამისი აპარატურის მონტაჟი.

ვრცლად

ენგურჰესზე რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს