როდის დაიწყება ენგურის კაშხლთან ტურისტული ატრაქციის მოწყობა?
ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის პროექტის შესახებ თავდაპირველად 2017 წლის გაზაფხულზე გაკეთდა განცხადება.
როგორც მაშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში აცხადებდნენ პროექტირება 1 წელი უნდა გაგრძელებულიყო, რომლის შემდეგაც თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების განხორციელება დაიწყებოდა.
როგორც პროექტის განმახორიელებელი "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" პროექტების მართვის დირექტორი ნუგზარ ხაინდრავა BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს პროექტის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა 2019 წელს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ განახორციელა და დღეისთვის მომზადებული ალტერნატივების შედარება და პროექტის დაფინანსების სქემების განხილვა მიმდინარეობს.
"პირველ ეტაპად მოიაზრება ზიპლაინის და გადმოსახედი ბაქანის მოწყობა, აღნიშნული ობიექტების მშენებლობის დაწყება იგეგმება 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ხოლო გახსნა 2021 წლის მესამე კვარტალში იგეგმება“, - უთხრა BM.GE-ს ნუგზარ ხაინდრავამ.