“ენგურჰესი” რამდენიმე თვით გაჩერდება– რა ელის აფხაზეთს?

20 თებ 2020

“ენგურჰესი”, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარეებს, 2021 წელს რამდენიმე თვით მუშაობას გააჩერებს. რატომ ჩერდება ენგურჰესი და როგორ მოხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა აღნიშნულ პერიოდში, ამის შესახებ ლევან მებონია- შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე "ნეტგაზეთთან" საუბრობს. 

 

- ბატონო ლევან, როგორც ვიცით 2021 წლის თებერვლის ბოლოსთვის ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელიც იმავე წლის ივნისში უნდა დასრულდეს. რა მდგომარეობაშია ახლა აღნიშნული გვირაბი და რა საფრთხეები არსებობს დღეს იმის გათვალისწინებით, რომ ის სარემონტო მდგომარეობაშია?

 

- ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რემონტი 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევრიდან მაისის ჩათვლით არის გათვალისწინებული. აღნიშნულ გვირაბზე 2017 წლის თებერვალში ინსპექტირება ჩატარდა. სწორედ ამ პროცესში გამოვლინდა სუსტი ადგილები, რომლებსაც რემონტი ჭირდება.


თავდაპირველი პროექტით, სადერივაციო გვირაბის დათვალიერება, ყოველ მეხუთე წელს იყო გათვალისწინებული, რის შედეგადაც რეაბილიტაციის მოცულობა უნდა დადგენილიყო. ბოლო რემონტი სადერივაციო გვირაბს 2006 წელს ჩაუტარდა. 2017 წელს განხორციელებული დათვალიერების შედეგად კი გამოვლინდა გარკვეული ადგილები, სადაც ფილტრაცია არის მომატებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სადერივაციო გვირაბი რემონტს საჭიროებს.

 

იმის საფრთხე, რომ სადერივაციო გვირაბი დაინგრევა ან რაიმე კატასტროფა მოხდება, ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა რემონტი აუცილებელია, რათა უკვე დაწყებული პროცესები არ განვითარდეს და გაუთვალისწინებელ შედეგებამდე არ მიგვიყვანოს. გარდა ამისა, სადერივაციო გვირაბში გამოვლენილი ფილტრაცია, ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით, საკმაოდ მნიშვნელოვან დანაკარგს იწვევს. გვირაბის ფილტრაციისა და მისი ხორკლიანობის გამო, ენგურჰესი წელიწადში დაახლოებით 250 მილიონ კილოვატ-საათს ელექტროენერგიას კარგავს. ვიმედოვნებთ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ეს მაჩვენებელი, სულ ცოტა, განახევრდება.

 

ვრცლად

“ენგურჰესი” რამდენიმე თვით გაჩერდება– რა ელის აფხაზეთს?