ენერგეტიკოსის დღე წელს ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე აღინიშნა

6 Oct 2025

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე გაიმართა. აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო და კერძო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

ენგურჰესის სტრატეგიულ, სახელმწიფოებრივ, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. „ენგურჰესი, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს, წარმოადგენს ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ტექნიკურ ნაგებობას, რაც კი საქართველოში აშენებულა... ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ხოლო ენგურჰესი ჩვენი ენერგეტიკის გულია - ამ გულის ნაწილი აფხაზეთში მდებარეობს და წლების განმავლობაში ჩვენს ოკუპირებულ მიწასთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებდა. მომავალშიც ენგურჰესი შეასრულებს უმთავრეს როლს ყველა სხვა ჩატეხილი ხიდის გამთლიანების საქმეში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ტრადიციულად, ენერგეტიკის დარგის გამორჩეული წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. სიგელები და სიმბოლური საჩუქრები წელს 16 ენერგეტიკოსს გადაეცა. შპს „ენგურჰესის“ სახელით, საპატიო ენერგეტიკოსის წოდება თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის ადმინისტრაციული და საერთო საკითხების მენეჯერმა სერგო აქუბარდიამ მიიღო. 

 

სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებსა და დამსახურებულ ენერგეტიკოსებს დარგის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ენერგეტიკოსის დღე წელს ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე აღინიშნა