ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვის პროექტის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება

7 ივნ 2023

ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვის პროექტის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციის სათაო ოფისში შუალედური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იუჯითის“ ბიზნეს განვითარების დირექტორს, ზურაბ მაღრაძეს ენგურჰესის კომერციულმა დირექტორმა ირაკლი შენგელიამ კომერციული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა. 

 

მხარეებმა ციფრული მმართველობის დანერგვის მიმართულებით არსებული ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და თავიანთი მოსაზრებები შეაჯერეს. გამართული მსჯელობის საფუძველზე, შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი სამომავლო გეგმებიც დასახეს. 

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ონლაინ ჩართვები, რომლებშიც ჰიდროელექტროსადგურებში ციფრული მმართველობის დანერგვის კუთხით მომუშავე, მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. 

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ენგურჰესის ციფრულ მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ტენდერში გაიმარჯვა შპს „იუჯითიმ“, რომლის ქვეკონტრაქტორიც არის ავსტრიული კომპანია „ვერბუნდი“ (მისი 51%-ის მფლობელია ავსტრიის სახელმწიფო). შესაბამისად, პროექტის პირველი ეტაპი სწორედ ავსტრიელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა. 

ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვის პროექტის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება