რას პასუხობენ წითლიძის ბრალდებებს ენგურჰესში? / www.on.ge

18 ოქტ 2021

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ ენგურჰესის ხელმძღვანელი პირები, ლევან მებონია და ჯონი ჭანია დევნილებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაში ხელს უშლიან. კონკრეტულად, წითლიძე ამტკიცებს, რომ მებონია და ჭანია დევნილებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. გარდა ამისა, მისი თქმით, ისინი, ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ ოკუპანტებთან, რათა 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს საოკუპაციო ხაზი და მის მიღმა მცხოვრებმა მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლონ.

 

"ეს ადამიანები მონაწილეობენ დევნილებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, რომ დევნილებმა ვერ შეძლონ მეორე ტურზე, 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობა. და რაც ყველაზე მთავარია და საგანგაშოა, ეს ადამიანები აწარმოებენ მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან ხელისუფლების დავალებით, რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს ე.წ. საოკუპაციო ხაზი და დევნილებმა ვერ შეძლონ გადმოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა [...]

 

On.ge დაუკავშირდა როგორც ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან მებონიას, ისე თაღოვანი კაშხლის ექსპლოატაციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ჯონი ჭანიას. ისინი წითლიძეს ბრალდებებს უარყოფენ.

 

"წარმოუდგენელი ცილისწამებაა და სისულელე უბრალოდ. როგორ შემიძლია მე, უბრალო ინჟინერს, ვიღაცას წავართვა პირადობის მოწმობა ან რუსეთთან გავმართო მოლაპარაკება საზღვრის დაკეტვაზე? ნორმალურ, ჭკუათმყოფელ ადამიანს შეუძლია ეს წარმოიდგინოს? ვინ მომცემს მე თავის პირადობის მოწმობას? რა უფლება მაქვს, რას წარმოვადგენ, რა ძალა მაქვს ასეთი? ან რუსეთთან როგორ უნდა გავმართო მოლაპარაკება საზღვრის დაკეტვაზე?

 

ადამიანს, რომელსაც შეუძლია საზღვრის დაკეტვა, ალბათ, გახსნაც შეუძლია, ხო? ლოგიკურად ხომ ასეა, ნიუტონის კანონია F=-F. ქმედება იწვევს ტოლსა და საწინააღმდეგოდ მიმართულ უკუქმედებას. დაკეტვა თუ შემიძლაი, გახსნაც შემიძლია და რას ვაწვალებ ამ ჩვენს ხალხს, გავუხსნი საზღვარს და შემოგრიალდება სუ ყველა აფხაზეთში", — უთხრა On.ge-ს ლევან მებონიამ.

 

იგივე პოზიცია აქვს ჯონი ჭანიასაც:

 

"ასეთი ბუნებაში არ არსებობს, ვარიანტი არაა. დოკუმენტები მაქვსო, ასეო, ისაო, მაგრამ, თუ აქვს, დადოს. ახლაც დადოს. თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნის, იქაც გააგზავნოს და აქაც გაასაჯაროოს, თუ აქვს [...] ვერც გავაკეთებ მე. ოკუპირებულებთან მე ჩემი ამ თანამდებობრივი მდგომარეობით როგორ შემიძლია ვაწარმოო მოლაპარაკება, რომ ეს გავუშვათ, ის გავუშვათ. მაშინ იმასაც ვეტყვი, რომ გახსნან საზღვარი".

 

წითლიძეს ენგურჰესი ოფიციალური განცხადებითაც გამოეხმაურა და ბრალდებებს "უსაფუძვლო და რეალობას მოკლებული" უწოდა.

 

"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ და განვაცხადოთ, რომ შპს ენგურჰესის ხელმძღვანელობის მხრიდან დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა. მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია როგორც პიროვნული ღირებულებების, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. რაც შეეხება ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობას, კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება", — აცხადებენ ენგურჰესში.

 

განცხადებაში წერია, რომ წითლიძის ბრალდებები "ყოველგვარ ზღვარს სცდება" და მათთვის შეურაცხმყოფელია.

 

ვრცლად

რას პასუხობენ წითლიძის ბრალდებებს ენგურჰესში? / www.on.ge