ექსპლუატაცია

ენგურჰესის მშენებლობის რთულ, მაგრამ საინტერესო პროცესს მოჰყვა ექსპლუატაციის პერიოდი, რომელიც მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა როგორც ამბობენ, არანაკლებ საინტერესო იყო იმ სირთულეების დაძლევა, რაც ექსპლუატაციას თან ახლდა. კერძოდ, ეს ეხება 80-იან წლებს, როდესაც ექსპლუატაციის პარალელურად, მშენებლობა გრძელდებოდა. შექმნილ სიტუაციაში პერსონალს გენერატორებისა და სხვა ძირითადი ელექტრომოწყობილობების მართვა, ფაქტობრივად, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში უწევდა. ეს კი ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს, ენთუზიაზმს, შემართებასა და, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს მოითხოვდა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაცია, როგორიც ენგურჰესია, უდიდესი მნიშვნელობისაა როგორც თავად საწარმოსთვის, ისე - მთელი სახელმწიფოსთვის.

 

მშენებლობისა და ექსპლუატაციის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობის სირთულის გარდა, ენგურჰესისთვის მარტივი არც 90-იანი წლები ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ, მას ნამდვილად არ გაუმართლა. უპირველეს ყოვლისა, ამაში იგულისხმება აფხაზეთის ომი, რის შედეგადაც საწარმო ორად გაიყო.  როგორც ცნობილია, ენგურჰესის ძალოვანი კვანძი - გენერატორები და ტურბინები, რომლებითაც ელექტროენერგია გამომუშავდება, გალის  რაიონშია განლაგებული, წყალსაცავის სათავე ნაგებობა, თაღოვანი კაშხალი და 15 - კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბის ნაწილი კი - წალენჯიხის რაიონში. როდესაც აფხაზეთის ომის დროს ქართულ სამხედრო შენაერთებსა და აფხაზეთის ქართულენოვან მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებამ მოუწია, აფხაზეთი მასობრივად დაიცალა. ბუნებრივია, ენგურჰესის პერსონალის ნაწილი შეეცადა, თავისი ოჯახი სამშვიდობოს გაეყვანა. ამ დროს ენგურჰესის დირექტორი იყო გიორგი მიქავა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, სადგური არ დაეტოვებინა. ეს იყო დაახლოებით 29 სექტემბრის შუადღე, უკვე 30 სექტემბერს კი სადგურში მხოლოდ 10-მდე ადამიანი იყო დარჩენილი. სწორედ მათი დამსახურებით, სადგური არ გაჩერებულა. 

 

შექმნილ რთულ ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ენგურჰესის სტრატეგიული მნიშვნელობა აფხაზებსაც ძალიან კარგად ჰქონდათ გააზრებული. სწორედ ამას მოწმობს ის, რომ გალის რაიონის დასახლება საბერიოში ენგურჰესის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ჩავიდა სპეციალური დელეგაცია აფხაზეთის ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელის, ხუტა ჯინჯოლიას მეთაურობით. აფხაზები ენგურჰესის პერსონალს დაჰპირდნენ, რომ მათ არავინ და არაფერი შეეხებოდათ და შეეძლოთ, სხვებიც დაებრუნებინათ. როგორც თანამშრომლები იხსენებენ, მათ სადგურის ტერიტორიაზე არავინ შეხებია, მაგრამ გარეთ არსებული სიტუაცია უსაფრთხო ნამდვილად არ იყო. 

 

ფაქტობრივად, იგივე სიტუაცია იყო ვარდნილჰესში. 1992 წლის სექტემბრის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად, სადგური საექსპლუატაციო პერსონალისგან დაიცალა. აქ რამდენიმე დღის განმავლობაში ერთადერთი ადამიანი იყო დარჩენილი და ეს გახლდათ შოთა სანაძე, საწარმოს მოქმედი დირექტორი. აფხაზეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების ფონზე,  ვარდნილჰესი II, ვარდნილჰესი III  და ვარდნილჰესი IV გაიძარცვა. სამივე სადგური ომამდე ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა, დღეს კი დარჩენილია მხოლოდ შენობა და არხი, სადაც წყალი გადის. 

 

პოლიტიკური სიტუაციის პარალელურად, 90-იანი წლები საქართველოს ენერგოსისტემისთვის არც სხვა მიმართულებით იყო მარტივი - მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი შეზღუდვები, ნახევრად ჩაბნელებული დედაქალაქი და უფრო რთულ სიტუაციაში მყოფი რეგიონები. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ენგურჰესს ეკისრებოდა. 1990-იან წლებში არსებული საწვავის დეფიციტის გამო, ამ პერიოდმა, ძირითადად, ჰესებზე გადაიარა, ჰესების გამომუშავების 50-60%-ი კი ენგურჰესზე მოდიოდა. გარდა ამისა, მაშინ ტარიფი იმდენად დაბალი იყო, რომ ელექტროენერგიის ამ ფასად მიწოდება ერთგვარი სოციალური დახმარებაც კი გახლდათ.  დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა ენგურჰესი, საქართველოს ეკონომიკის განვითარება საერთოდ ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა.  

 

ამ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის პირდაპირპროპორციული იყო ექსპლუატაციის პროცესის სირთულეც, რომელიც 90-იან წლებს ახლდა. ამის მიზეზი იყო ერთგვარი იზოლაცია. ის კავშირები, რომლებიც მოწყობილობებისა თუ სათადარიგო ნაწილების მომწოდებლებთან არსებობდა, გაწყდა. ამდენად, 1993-დან 2002 წლამდე ექსპლუატაციის პროცესი ძალიან რთულად მიდიოდა. გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური იმდენად მინიმალური იყო, რომ პერსონალი ანაზღაურებას რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ იღებდა. თუმცა 1997 წელს, ენგურჰესის რეაბილიტაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა და პირველი გრანტი შვეიცარიის მთავრობამ გამოჰყო. სწორედ ამით დაიწყო ენგურჰესის ახალი სიცოცხლე - რეაბილიტაცია. 

ექსპლუატაცია