შპს ,,ენგურჰესი“ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის რეალიზაციის მიზნით აუქციონს აცხადებს

15 Jun 2022

 

 

I.    საექსპორტო/საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის მიწოდების ზოგადი პირობები


1. შპს ,,ენგურჰესის“ მიერ წარმოებული და 2022 წლის 22.06.2022 00:00 საათიდან – 01.07.2022 00:00 საათამდე პერიოდის განმავლობაში საპროგნოზო საექსპორტო ელექტროენერგიის მოცულობა შეადგენს 234,5 (ორასოცდათოთხმეტი მთელი ხუთი მეათედი) მეგავატს ბაზისურად (ჯამურად 50 652 000 კვტ.სთ +- 20%). საპროგნოზო საექსპორტო/საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა შესაძლოა განაწილდეს სხვადასხვა პრეტენდენტს შორის, მათი მოთხოვნის ფარგლებში, ექსპორტის შესაბამისი მიმართულებების გათვალისწინებით.

 

2. საანგარიშო თვის ელექტროენერგიის მიწოდების  საპროგნოზო გრაფიკი ხელშეკრულების მხარეთა მიერ დამტკიცდება ხელშეკრულებასთან ერთად, ხოლო ყოველგვარი ცვლილება ან დამატება გრაფიკში უნდა შეთანხმდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე.

 

3. საანგარიშო თვის გრაფიკმა თვის დაწყებამდე ან თვის მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან, ასევე სხვა ფორს-მაჟორული გარემოებებიდან (მათ შორის წყლის საპროგნოზო შემოდინების ნაკლებობიდან, საქართველოს ან შესაბამისი მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემის ტექნიკური ოპერატორის მოთხოვნიდან, საქართველოს ან შესაბამისი მეზობელი ქვეყნის გადამცემი ქსელის დაზიანებიდან, სასისტემო ავარიიდან ან სხვა ობიექტური გარემოებებიდან) გამომდინარე, შესაძლოა, განიცადოს მნიშვნელოვანი კორექტირება. აღნიშნული გარემოებ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს გამყიდველის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

 

4. სისტემის ტექნიკური  ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში (მათ შორის, ოპერატიული მოთხოვნის პირობებში), საექსპორტო ელექტროენერგიის მიწოდების  დროებით შეწყვეტა (შეფერხება) უნდა ეცნობოს შემსყიდველს მათი დადგომიდან  არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში. აღნიშნული გარემოებ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს გამყიდველის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

 

II. კომერციული წინადადების წარდგენის პირობები

 

1. პრეტენდენტმა წინამდებარე წესებში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოგზავნოს შესასყიდი ელექტროენერგიის ერთი კვტ.სთ-ის ღირებულების შესახებ კომერციული წინადადება (მეასედამდე დამრგვალებით) ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 

 

2. პირველ პუნქტში მითითებულ კომერციულ წინადადებას პრეტენდენტი წარადგენს შპს ,,ენგურჰესის“ ოფიციალურ ვებგვერდზე- www.engurhesi.ge გამოქვეყნების დღიდან არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივნისის 15:00 საათამდე (საქართველოს დროით). წინააღმდეგ შემთხვევაში, წინადადებები არ ჩაითვლება მიღებულად და შესაბამისად, არც განიხილება. წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@engurhesi.ge. 

 

III. კომერციული წინადადების შეფასების პირობები

 

1. გამარჯვებულად ჩაითვლება პრეტენდენტი, რომელიც წარმოადგენს ყველა პოტენციური ხარჯის გამოკლებით შპს „ენგურჰესისთვის“ მისაღებ უმაღლეს ფასს.

 

2. შპს „ენგურჰესი“ იტოვეს უფლებას, არ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, თუკი მისთვის მიუღებელია გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი.

 

3. წინამდებარე დოკუმენტის მე-3 თავის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში,  აუქციონის ნებისმიერი შედეგი ცხადდება გაუქმებულად და აუქციონს  შპს „ენგურჰესისთვის“ არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება, რაც მის მიმართ ნებისმიერი სახის პრეტენზიის წარდგენას გამორიცხავს. 

 

IV. ხელშეკრულების ზოგადი პირობები

 

ელექტროენერგიის ექსპორტის / ექსპორტის მიზნით პირდაპირი ხელშეკრულების მარეგულირებელ სამართალს წარმოადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო დავის განმხილველ ორგანოს - საქართველოს სასამართლო. გამარჯვებული პრეტენდენტი უპირობოდ აცხადებს უარს აღნიშნული პირობის რაიმე ფორმით ბათილობის მოთხოვნასა ან/და სხვა ნებისმიერი სახით გაპროტესტების უფლებაზე. საქართველოს სასამართლოებს გააჩნიათ გამომრიცხავი (ექსკლუზიური) ხასიათის განსჯადობა წინამდებარე განცხადებიდან და შემდგომ გაფორმებული ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მასთან (მათთან) დაკავშირებულ (მისგან/მათგან წარმოშობილ) დავაზე.