ნათია თურნავა - „ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ ელექტროენერგიის არსებულ გამომუშავებას, სულ მცირე, 100 მლნ კვტ. სთ დაემატება"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ ქვეყანაში ელექტროენერგიის არსებულ გამომუშავებას სულ მცირე, 100 მლნ კვტ.სთ დაემატება. ამის შესახებ თურნავამ ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ენგურჰესი ქვეყნის ჰიდროენერგიის ყველაზე დიდი წყაროა, რომელიც საქართველოს ელექტრობაზარს დიდი მოცულობით, დაახლოებით 40-50%-ით პროცენტით ასაზრდოებს.
მინისტრის განმარტებით, 15 - კილომეტრიან გვირაბში 24 - საათიან რეჟიმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შემცირდება წყლის ჟონვა (დროთა განმავლობაში გვირაბში ჩნდება ნაპრალები და წყალი იკარგება), რის შედეგადაც, სულ მცირე, 100 მილიონი კვტ. სთ დაემატება ჰესის არსებულ გამომუშავებას.