ექსპლუატაცია

1978 წლის 7 ნოემბერს ენგურჰესის №1 ჰიდროაგრეგატი  ამუშავდა. წლის ბოლომდე №2 და №3 აგრეგატები ჩაირთო. ექსპლუატაციის დაწყებიდან ერთ წელიწადში ამუშავდა №4, 1980 წელს კი- ბოლო, №5 ჰიდროაგრეგატი და ენგურჰესის სიმძლავრემ საპროექტო - 1300 მეგავატს მიაღწია. 

 

ენგურჰესმა თავისი არსებობის 40 წლის მანძილზე საკმაოდ რთული გზა გაიარა. ეს პერიოდი პირობითად შეიძლება  რამდენიმე ეტაპად დაიყოს:


  
პირველი პერიოდი, როდესაც ჰესის ექსპლუატაცია მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობდა და სამუშაო პირობები მოთხოვნილ ნორმებს აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა. ეს ის დროა, როდესაც პერსონალს გენერატორებისა და სხვა ძირითადი ელექტრომოწყობილობების მოვლა მტვერში, ნესტსა და ხმაურში, ელემენტარული პირობების გარეშე უწევდა. სწორედ ამ პერიოდში მომზადდა შესაბამისი პროფესიონალი კადრები. შემუშავდა საექსპლუატაციო ინსტრუქციები და სქემები, ოპერატიული დოკუმენტაცია, დაზუსტდა ჰიდრომახასიათებლები და ნაგებობებზე მონიტორინგის მოცულობები.

 

მეორე პერიოდი მოიცავს 90-იანი წლებს, რომელიც ენგურჰესისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. ცნობილი მოვლენების შედეგად ენგურის ჰოდროელექტროსადგური ორად გაყოფილი აღმოჩნდა, რამაც  მისი ექსპლუატაცია გაართულა. ენერგოსისტემაში არსებული სიმძლავრის დეფიციტის გამო გენერატორები და ტრანსფორმატორები დაბალ სიხშირეზე მუშაობდნენ, ხშირი იყო სისტემური ავარიები. ამას ემატებოდა ჰესისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა. ამ პერიოდში პერსონალმა გამოიჩინა დიდი მოთმინება, გაუძლო ყველა გასაჭირს და ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტი მუშა მდგომარეობაში  შეინარჩუნა.

 

მესამე - რეაბილიტაციის პერიოდი, რომელიც პრაქტიკულად 2003 წელს დაიწყო  და დღემდე  გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ხუთივე ჰიდროაგრეგატი დამხმარე მოწყობილობების ჩათვლით ეტაპობრივად და სრულად განახლდა,  ძალოვანი ტრანსფორმატორები კაპიტალურად შეკეთდა, სადენები გამოიცვალა და სხვ. ამ ყველაფერმა ენგურჰესის საიმედოობა ბევრად გაზარდა. 2006 წელს სადერივაციო გვირაბის სამთვიანი რემონტი ჩატარდა, თაღოვან კაშხალზე კი დიდი მოცულობის საცემენტაციო სამუშაოები განხორციელდა.             

 


მიუხედავად ზემოთ ხსენებული სირთულეებისა, დღეს უკვე ენგურჰესი მსოფლიო დონის ნაგებობაა. ჰიდროელექტროსადგურის ობიექტები წალენჯიხისა და გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეა განლაგებული. ჰიდროელექტროსადგური პირობითად ორად არის გაყოფილი: კაშხალი, წყალსაცავი და 15-კილომეტრიანი სადაწნეო გვირაბის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი წალენჯიხაში მდებარეობს, ხოლო გვირაბის დარჩენილი ნაწილი- 5,5-კილომეტრიანი ძალოვანი კვანძი, მიწისქვეშა სადგური, ჰიდროაგრეგატები, ტრანსფორმატორები, ღია გამანაწილებელი მოწყობილობა და წყალგამყვანი გვირაბი გალის რაიონის ტერიტორიაზეა. აფხაზეთში მდებარეობს შვილობილი კომპანია „ვარდნილჰესების კასკადი“ თავის წყალსაცავით, ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურის შენობითა და 26 კმ-იანი არხით.

ექსპლუატაცია