კომპანია „ენერგონი“ ენგურჰესის რეაბილიტაციას ასრულებს/ www.forbes.ge

22 Sep 2021

 

„ენგურჰესი ჩვენი ქვეყნისთვის ელექტროენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა, რადგან ის ქართული ენერგეტიკის 45%-ს აგენერირებს. დღეს რომ უწყვეტი ელექტროენერგია და შედარებით დაბალანსებული ტარიფი გვაქვს, ამაში დიდი წვლილი სწორედ ენგურჰესს მიუძღვის. ვამაყობთ იმით, რომ ამ ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენმა კომპანიამ ჩაატარა.

 

ყველაზე რთული გვირაბის რეაბილიტაცია იყო, რომელიც 2021 წლის აპრილში დასრულდა და შედეგად, 3-თვიანი პაუზის შემდეგ, ჰესიც ამუშავდა.

 

გვირაბის რეაბილიტაციის პროცესში გაიბურღა 65,000 მეტრი. სამუშაოების დროს გამოვიყენეთ საინექციო ქიმიური მასალა, რომლითაც გვირაბის გარშემო არსებული სიცარიელეები და კაპილარები შევავსეთ და ამ გზით წყლის დანაკარგი შევამცირეთ. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლდათ – გვირაბში წყლის დანაკარგის შემცირება, რაც ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას გაზრდიდა. დღეს ჰიდროელექტროსადგურის ხელმძღვანელები ადასტურებენ, რომ 3-4 თვეში უკვე საგრძნობი შედეგი მიიღეს და ელექტროენერგიის გამომუშავება მკვეთრად არის გაზრდილი.

 

მე ვფიქრობ, რომ ენგურჰესი არის ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძმები, აფხაზები, და ჩვენ მივხვდებით, რომ ერთად მუშაობით უფრო კარგ შედეგებს ვაღწევთ. იმისათვის, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც ჩაგვეტარებინა, რა თქმა უნდა, გვჭირდებოდა სპეციალური ნებართვა, გახსნილი იყო ახალი გამშვები პუნქტიც და სამუშაოებში ჩართულები იყვნენ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნიც, რომელთაც ასევე კარგად ესმით ენგურჰესის მნიშვნელობა. შესაბამისად, ყველა ხელს გვიწყობდა. ჩვენ საქართველოს მთავრობის არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც ბევრი მცხოვრები დავასაქმეთ. მათ დაინახეს, რომ ერთობით, ერთმანეთის გვერდით დგომით ბევრი რაღაცის გაკეთებაა შესაძლებელი.

ვრცლად

კომპანია „ენერგონი“ ენგურჰესის რეაბილიტაციას ასრულებს/ www.forbes.ge