ნათია თურნავა: "ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა სადგური დროულად ამუშავდეს!"

18 Jan 2021

20 იანვარს საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური – ენგურჰესი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით გაჩერდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო- სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ენგურჰესის მნიშვნელობას საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისთვის. საქართველოს უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ განხორციელდა. მინისტრის განცხადებით, სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებითი გაჩერება. ამისთვის ოპტიმალური პერიოდი შეირჩა, როდესაც ენგურჰესში წყლის რესურსი მინიმალურია. ამავე დროს, პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით განხორციელდება, რათა სადგური ექსპლუატაციაში 2021 წლის პირველ მაისს გაეშვას.

 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი, შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და სხვა ოფიციალური პირები“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ვრცლად

ნათია თურნავა: "ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა სადგური დროულად ამუშავდეს!"