ინფორმაცია ენგურჰესში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ

8 Dec 2020

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლის, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების მასშტაბებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, 1997 წელს ენგურჰესის ნაგებობების შესწავლა-ანალიზი დაიწყო. 1998-2001 წლებში შემუშავდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის ფართომასშტაბიანი პროექტი. ენგურჰესის ელექტროტექნიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2003-2014 წლებში განხორციელდა, 2006 წელს სადერივაციო გვირაბის ზოგიერთი მონაკვეთის რემონტი ჩატარდა. 


ჰიდროელქტროსადგურის უსაფრთხო და გამართული ექსპლუატაციის მიზნით, აუცილებლობას წარმოადგენს საინვესტიციო და კაპიტალური სამუშაოების გაგრძელება.  2018-2021 წლებში ენგურჰესის რეაბილიტაციის IV ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გაცემული სესხით, რომელიც 38 მილიონ ევროს შეადგენს. რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ევროკომისიის მიერ დამატებით 7 მილიონი ევროს მოცულობის გრანტის გამოყოფა. 


ენგურჰესის საიმედო და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, 2018-2021 წლებში რეაბილიტაციის მეოთხე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს. აღნიშნული პროექტი შემდეგ სამუშაოებს მოიცავს:


1.სამუშაოები ელექტროტექნიკურ და ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებზე ენგურჰესსა და ვარდნილჰესი 1-ში;


2.სადერივაციო გვირაბის რემონტი, რაც ყველაზე დაზიანებული უბნების გადაუდებელ რეაბილიტაციას გულისხმობს;


3.ლამის ამოღება ენგურჰესის წყალსაცავიდან (კაშხლის მიმდებარე ტერიტორია);


4.ჰიდროელექტროსადგურთან მისასვლელი გზების რემონტი.


დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან მაისის დასაწყისამდე გაგრძელდება. 


სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიზნად ისახავს:


- გვირაბის სტრუქტურული მდგრადობის შენარჩუნებას;


- წყლის გაჟონვების შემცირებას (შესაბამისად, ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის დაკარგული წყლის რაოდენობაც შემცირდება);


- ენგურის ჰიდროელექტროსადგურის დაცვა გაჟონილი წყლების მიერ წარმოშობილი გრუნტის წყლებისგან, რაც ენგურის მიწისქვეშა სადგურს აწვება და მის ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის. ბოლო 3 წელიწადში სატურბინო წყალსატარების ლითონის მილების (მილის კედლის სისქეა 40მმ) დაზიანების შემთხვევები #1, #2 და #5 აგრეგატებზე გამოვლინდა. აღნიშნული ფაქტები ფილტრაციული წყლების მომატებითა და შესაბამისად, უკუწნევის გაზრდით არის განპირობებული.


სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2019 წელს (EBRD) ჩატარდა  და შემსრულებელ კონტრაქტორს შესაბამისი სამობილიზაციო პროცედურები უკვე დაწყებული აქვს. სარებილიტაციო სამუშაოების გადადება (გადავადება) კი ტექნიკურად დაკავშირებული იქნება რისკებთან, რომელთა შეფასებაც რთულია. თუ მოხდა ავარია, გვირაბი შეიძლება დასაცლელი გახდეს და დაზიანებული უბნის აღდგენას გარკვეული პერიოდი დასჭირდეს. ჯამურმა ზარალმა კი, შესაძლოა, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას 3-4-ჯერ და მეტჯერაც გადააჭარბოს. 


ამ ეტაპზე სადერივაციო გვირაბიდან დაახლოებით 250 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ეკვივალენტი წყალი იკარგება. რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნული გაჟონვები სრულად ვერ აღმოიფხვრება, თუმცა დაახლოებით 25%-იანი მაჩვენებლით უნდა შემცირდეს, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით 60 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.

ინფორმაცია ენგურჰესში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ