"ენგურჰესი" ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს

21 Sep 2020

გალის რაიონის დასახლება საბერიოში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არის შპს „ენგურჰესის“ ოთხი თანამშრომელი, – ამის შესახებ „ენგურჰესის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

„ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადმოყვანილი არიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ 10 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ინფიცირებული თანამშრომლები ონლაინრეჟიმში მუშაობდნენ და მათ „ენგურჰესის“ სხვა თანამშრომლებთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონიათ. ამ ფაქტის მიუხედავად, „ენგურჰესის“, როგორც სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება – ტექნიკური პერსონალი ცვლების მიხედვით არის განაწილებული და ობიექტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს“, – აღნიშნულია „ენგურჰესის“ ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, 2020 წლის 12 მარტიდან შპს „ენგურჰესი“ დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.

 

„ეპიდსიტუაციის შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში პერსონალი საგანგებოდ შედგენილი განრიგით ხელმძღვანელობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლები სამსახურში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში ცხადდებოდნენ. მათ ყოველდღიურად უტარდებოდათ თერმოსკრინინგი, თითოეული მათგანი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო ნიღბებითა და სადეზინფექციო ხსნარებით, შეზღუდული რაოდენობით მათი ადგილზე ყოფნა კი დისტანცირების საშუალებას იძლეოდა. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის პანდემიის მსოფლიო მასშტაბებიდან გამომდინარე, ინფიცირების შემთხვევების აბსოლუტური პრევენციის გარანტია არ არსებობს და შესაბამისად, ამისგან დაზღვეული არავინ არის.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ენგურჰესის“ სრულყოფილ ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და საწარმო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – აცხადებენ „ენგურჰესში“.

 

ვრცლად

"ენგურჰესი" ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს