ენგურჰესის წარმომადგენლები ავსტრიაში მდებარე კაპრუსის ჰიდროელექტროსადგურს ეწვივნენ
ენგურჰესის წარმომადგენლები ავსტრიაში მდებარე კაპრუსის ჰიდროელექტროსადგურს ეწვივნენ. აღნიშნული ვიზიტი ავსტრიული სახელმწიფო კომპანია „ვერბუნდის“ მიწვევით შედგა. ენგურჰესის დელეგაციას კომერციული დირექტორი ირაკლი შენგელია ხელმძღვანელობდა. ავსტრიელმა სპეციალისტებმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ენერგოუსაფრთხოებისა და საიმედო ექსპლუატაციის კუთხით ჰესების მნიშვნელობასა და მსგავსი საწარმოების ეფექტური მართვის მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
მხარეები კაპრუნის ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე დეტალურად გაეცნენ. თავის მხრივ, კომპანია "ვერბუნდის" წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზეც ისაუბრეს. მხარეებმა ახალი ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის - „ლიმბერგ 3“-ის მშენებლობის პროცესიც დაათვალიერეს.
კაპრუნის ჰიდროელექტროსადგურზე ვიზიტის დასრულების შემდეგ, მხარეებმა კომპანია "ვერბუნდის" ოფისში შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ავსტრიელმა სპეციალისტებმა ენგურჰესის წარმომადგენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალური პასუხები გასცეს. სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტებიც განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ კაპრუნის ჰიდროელექტროსადგურების კომპლექსი 2 მოქმედი და 1 მშენებარე ჰესისგან შედგება. „ლიმბერგ 1“ 1950-დან 1955 წლამდე შენდებოდა და მას შემდეგ ექსპლუატაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მოგვიანებით აიგო ჰიდრომააკუმულირებელი სადგური „ლიმბერგ 2“. კაპრუნის რეგიონის ზალცბურგის მუნიციპალიტეტში მდებარე ჰესების მფლობელია ავსტრიული კომპანია „ვერბუნდი“. თავის მხრივ, „ვერბუნდის“ 51%-ი ავსტრიის სახელმწიფოს ეკუთვნის.