ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვის პროექტი გრძელდება
ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვის პროექტი გრძელდება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა E-world Energy & Water-ს ორგანიზაციის კომერციული დირექტორი ირაკლი შენგელია და კომერციული სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
E-world Energy & Water (ენერგიისა და წყლის ელექტრონული სამყარო) არის ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა, რომელზეც ევროპის ენერგეტიკული ინდუსტრის წარმომადგენლები იკრიბებიან. აღნიშნულ ღონისძიებას ენგურჰესის წარმომადგენლები გერმანული კომპანია „ვერბუნდის“ მიწვევით ესწრებოდნენ.
მხარეებმა ელექტრო და ჰიდროგენერაციის სფეროში არსებულ ციფრულ ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე იმსჯელეს. გენერაციის პროცესების ოპტიმიზაცია, მომსახურებისა და მართვის პროცესების ავტომატიზაცია-ოპტიმიზაცია, გარკვეული პროცედურების ციფრული ვიზუალიზაცია, სხვადასსხვა დონის დისპეტჩერიზაცია და ერთიანი სისტემები - ეს ის თემებია, რომლებზეც შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს.
ენგურჰესის წარმომადგენლებმა უცხოურ კომპანიებს გააცნეს ჩვენი ორგანიზაციის სპეციფიკა და ციფრული მმართველობის დანერგვის მიმართულებით არსებული საკუთარი ხედვა. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ, დამატებითი კომუნიკაცია ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაგრძელდება. შესაბამისად, ონლაინ რეჟიმში მოხდება გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარება, რაც საბოლოო სტრატეგიის შესამუშავებლად ძალიან მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვის მოსამზადებელ პროცესს ქართული კომპანია „იუჯითი“ ავსტრიელი სპეციალისტების უშუალო ჩართულობით ახორციელებს.