ენგურჰესს ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლები ეწვივნენ

4 Apr 2023

 

ენგურჰესს ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა სპეციალისტებმა თაღოვანი კაშხლის ტერიტორია დაათვალიერეს, არსებულ ნაგებობებს დეტალურად გაეცნენ და ორგანიზაციაში მოქმედი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის დონის შესაფასებელი სამუშაოები ჩაატარეს. ციფრული მმართველობის დანერგვისთვის საჭირო ტექნიკური დავალების გასაწერად, ავსტრიელი ექსპერტების ძირითად ამოცანას ენგურჰესის საკონტროლო სისტემის შემოწმება და საოპერაციო სამსახურის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება წარმოადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ენგურჰესის ციფრულ მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ეს ინიციატივა მოიცავს 3 ეტაპს: 1. არსებული სიტუაციის აუდიტი, ანალიზი და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა, 2. შესაბამის მოწყობილობებთან ერთად პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და 3. ციფრული მმართველობის დანერგვა.

 

ტენდერში გაიმარჯვა შპს „იუჯითიმ“, რომლის ქვეკონტრაქტორიც არის ავსტრიული კომპანია „ვერბუნდი“ (მისი 51%-ის მფლობელია ავსტრიის სახელმწიფო). სწორედ ამ პროექტის პირველი ეტაპის განხორციელების მიზნით ჩამოვიდნენ ავსტრიელი ექსპერტები საქართველოში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სამუშაო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან, რომეო მიქაუტაძესთან. უცხოელი სპეციალისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოშიც იმყოფებოდნენ. ავსტრიელი ექსპერტები ადგილზე განთავსებული ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

ვრცლად ენგურჰესს ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლები ეწვივნენ