ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვაზე ავსტრიელი სპეციალისტები იმუშავებენ - www.imedinews.ge

29 Mar 2023

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე შეხვდა ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ენგურჰესის ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით იმყოფებიან. 

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენგურჰესის ციფრულ მმართველობაზე გადასვლის პროექტს ავსტრიელები ქართულ კომპანია „იუჯითისთან“ თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ამჟამად განხორციელების პირველ ეტაპზეა, რაც არსებული ვითარების სიღრმისეულ ანალიზსა და მომდევნო საფეხურისთვის საჭირო ტექნიკური დავალების მომზადებას ითვალისწინებს.

 

მინისტრის პირველი მოადგილის - რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის - ენგურჰესის ციფრულ მმართველობაზე გადაყვანა უმნიშვნელოვანესია მისი უფრო ეფექტური, უსაფრთხო, ოპერატიული და მდგრადი ფუნქციონირებისთვის. რომეო მიქაუტაძის თქმით, ენერგეტიკული ბირჟის გახსნის მომენტისთვის ადამიანურ ფაქტორებთან დაკავშირებული ხარვეზები და რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. „ამასთან, საქართველოში, ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში, ეს იქნება ციფრული მმართველობის დანერგვის პრეცედენტი. ციფრული მმართველოს შესახებ პროექტი ენგურჰესის მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილს წარმოადგენს,“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ენგურჰესის ციფრულ მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ეს ინიციატივა მოიცავს 3 ეტაპს: 1. არსებული სიტუაციის აუდიტი, ანალიზი და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა, რაც პროგრამული უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ფაქტორებს წარმოადგენს; 2. შესაბამის მოწყობილობებთან ერთად პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და 3. ციფრული მმართველობის იმპლემენტაცია/დანერგვა - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ვრცლად ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვაზე ავსტრიელი სპეციალისტები იმუშავებენ - www.imedinews.ge