რომეო მიქაუტაძემ ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლებთან ენგურჰესის ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხი განიხილა - www.1tv.ge

29 მარ 2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენგურჰესის ციფრულ მმართველობაზე გადასვლის პროექტს ავსტრიული კომპანია ქართულ „იუჯითისთან“ თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ამჟამად განხორციელების პირველ ეტაპზეა, რაც არსებული ვითარების სიღრმისეულ ანალიზსა და მომდევნო საფეხურისთვის საჭირო ტექნიკური დავალების მომზადებას ითვალისწინებს.

 

მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ენგურჰესის, რომელიც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ციფრულ მმართველობაზე გადაყვანა უმნიშვნელოვანესია მისი უფრო მეტად ეფექტური, უსაფრთხო, ოპერატიული და მდგრადი ფუნქციონირებისთვის. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ენერგეტიკული ბირჟის გახსნის მომენტისთვის ადამიანურ ფაქტორებთან დაკავშირებული ხარვეზები და რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. „ამასთან, საქართველოში, ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში, ეს იქნება ციფრული მმართველობის დანერგვის პრეცედენტი. ციფრული მმართველობის შესახებ პროექტი ენგურჰესის მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილს წარმოადგენს,“ – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. 

ვრცლად რომეო მიქაუტაძემ ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლებთან ენგურჰესის ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხი განიხილა - www.1tv.ge