საექსპორტო ელექტროენერგიის საქართველო-თურქეთის საზღვარზე რეალიზაციის მიზნით, შპს,,ენგურჰესი“ კონკურსს აცხადებს 

I.    საექსპორტო ელექტროენერგიის მიწოდების ზოგადი პირობები

 

1.   შპს ,,ენგურჰესის“ მიერ წარმოებული და 2020 წლის ივნისის თვის განმავლობაში საპროგნოზო საექსპორტო სიმძლავრის მოცულობა ბაზისურად არაუმეტეს 100  მეგავატს შეადგენს.


2. ელექტროენერგიის მიწოდება მიმწოდებლის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება DAP (საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი, ქვესადგური ახალციხე 500/400/220, გადამცემი ხაზი - ,,მესხეთი“)  INCOTERMS 2010-ის მიწოდების  პირობის შესრულებით.


3.     საანგარიშო თვის ელექტროენერგიის მიწოდების  საპროგნოზო გრაფიკი ხელშეკრულების მხარეთა მიერ დამტკიცდება ხელშეკრულებასთან ერთად, ხოლო ყოველგვარი ცვლილება ან დამატება გრაფიკში  შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე უნდა შეთანხმდეს.


4. საანგარიშო თვის გრაფიკმა თვის დაწყებამდე ან თვის მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან, ასევე სხვა ფორს-მაჟორული გარემოებებიდან (მათ შორის წყლის საპროგნოზო შემოდინების ნაკლებობა, საქართველოს ან თურქეთის ენერგოსისტემის ტექნიკური ოპერატორის მოთხოვნა, საქართველოს ან თურქეთის გადამცემი ქსელის დაზიანება, სასისტემო ავარია ან სხვა ობიექტური გარემოება) გამომდინარე, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე საანგარშო პერიოდის (თვის) განმავლობაში მნიშვნელოვანი კორექტირება განიცადოს. აღნიშნული გარემოებ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს გამყიდველის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.


5.    სისტემის ტექნიკური  ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში (მათ შორის, ოპერატიული მოთხოვნის დროს) საექსპორტო ელექტროენერგიის მიწოდების  დროებით შეწყვეტა (შეფერხება) უნდა ეცნობოს შემსყიდველს მათი დადგომიდან  არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში. აღნიშნული გარემოებ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს გამყიდველის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
________________________________________
 

II. კომერციული წინადადების წარდგენის პირობები


1. პრეტენდენტმა, წინამდებარე წესების მე-2 პუნტში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოგზავნოს:


1.1. შესასყიდი ელექტროენერგიის ერთი კვტ.სთ-ის ღირებულების განსაზღვრის შესახებ კომერციული წინადადება (აშშ ცენტებში, მეასედამდე დამრგვალებით), ინგლისურ ენაზე, შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

Exp.Price = EP / USDER –    % of EP/USDER

 

სადაც:


Exp. Price (Export Price) არის – საქართველო-თურქეთის საზღვარზე მისაწოდებელი საექსპორტო ელექტროენერგიის 1 კვტ.სთ-ის ღირებულება;


EP (EPIAS PTF-Price) არის – თურქეთის ელექტროენერგიის ბაზარზე შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დღიური ფასი (საათობრივ მაჩვენებელზე დაფუძნებული), რომელიც 1 კვტ.სთ-ის შესყიდვის მიზნით ანაზღაურებული იქნა  თურქული ლირაში  (იხილეთ შემდეგი ბმული). 


USDER (US Dollar Exchange Rate) არის - თურქეთის რესპუბლიკაში, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის კონკრეტული  თარიღის (დღის) ჭრილში, აშშ დოლარსა და თურქულ ლირას შორის დაფიქსირებული  ოფიციალური გაცვლითი კურსი (იხილეთ შემდეგი ბმული).

ამასთან,


ელექტროენერგიის 1 კვტ.სთ-ის ღირებულება უნდა მოიცავდეს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის გადასახადსა (მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადი) და ხარჯებს, რომლებიც გადასახდელია თურქეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების წერტილამდე. 


1.2.    შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, თურქეთის რესპუბლიკაში ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობის  ან პირდაპირი მომხმარებლის უფლების დამადასტურებელი ცნობა (სკანირებული ასლი).

2.     კონკურსში გამარჯვებული პირი ვალდებულია, ხელშერულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს:


2.1. ამ პუნქტში მითითებული დოკუმენტები ინგლისურ ენაზე, რომლებიც უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით ან ლეგალიზებული კომპეტენტური ორგანოს მიერ;


2.2. შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულების ოდენობის უპირობო და  გამოუხმობელი  საბანკო გარანტია ან აკრედიტივი, ავიზირებული საქართველოში მოქმედი ლიცენზირებული ბანკის მიერ. მისი მოქმედების ვადა  ხელშეკრულების მოქმედების ვადას 40 დღით უნდა აღემატებოდეს.  საბანკო გარანტიის/აკრედიტივის გამცემ კომერციულ ბანკს უნდა წარმოადგენდეს თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი ერთ-ერთი ბანკი:  Garanti Bankasi, Yapi Kredi Bankasi, Deutshe Bank, Is Bankasi, Citibanki, Akbank ან საერთაშორისო აღიარების მქონე  სხვა ბანკები თურქეთსა და ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის”(OECD) წევრ სხვა ქვეყნებში. შპს „ენგურჰესი“ იტოვებს უფლებას მიზანშეწონილობის შემთხვევაში დაეყრდნოს საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციას და ამის საფუძველზე ბანკის გადახდისუნარიანობისა და საიმედოობიის გათვალისწინებით ან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ან აკრედიტივის მისაღებად (მიუღებლად) ჩათვლის თაობაზე.


3. პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციას პრეტენდენტი წარადგენს შპს ,,ენგურჰესის“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.engurhesi.ge გამოქვეყნების დღიდან არაუგვიანეს 2020 წლის 3 ივნისის  1500  საათამდე (საქართველოს დროით). წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადებები მიღებულად არ ჩაითვლება და, შესაბამისად, არ განიხილება. წინადადება უნდა გამოიგზავნო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@engurhesi.ge. 
________________________________________
 
 

III. კომერციული წინადადების შეფასების პირობები

 

1.    გამარჯვებულად ჩაითვლება პრეტენდენტი, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს ფასს (უმდაბლეს საპროცენტო განაკვეთს). თანაბარი ფასების შემთხვევაში, უპირატესობა უმაღლესი ფასის (უმდაბლესი საპროცენტო განაკვეთის) პირველ წარმომდგენ პრეტენდენტს  მიენიჭება.

 

2.    შპს „ენგურჰესი“ იტოვეს უფლებას, არ გააფორმოს ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე, თუკი გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი მისთვის მიუღებელია. შესაბამისად, კონკურსის ნებისმიერი შედეგი ცხადდება გაუქმებულად და კონკურსის მიმდინარეობას შპს „ენგურჰესისთვის“ არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება, რაც შესაბამისად მის მიმართ ნებისმიერი სახის პრეტენზიის წარდგენას გამორიცხავს.
________________________________________
 

IV. ხელშეკრულების ზოგადი პირობები


1. ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულების პირობებს, ცალმხრივად განსაზღვრავს შპს „ენგურჰესი“.


2. ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულების სავალდებულო პირობაა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“  145 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ,,Take or Pay“ პირობა, რაც გულისხმობს მხარეთა მიერ საანგარიშო თვის (თვეების) ელექტროენერგიის მიწოდების კალენდარული გეგმა-გრაფიკის საბოლოო სახით დამტკიცების შემთხვევაში, მყიდველის მიერ, მისი ბრალით ელექტროენერგიის სრული მოცულობით არ შესყიდვის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია მხარეთა მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ გრაფიკში განსაზღვრული ელექტროენერგიის მოცულობის სრული ღირებულება აანაზღაუროს.


3. ხელშეკრულების გაფორმებისთვის ძალაშია და მოქმედებს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგოსისტემებს შორის არსებული ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის ხელშეკრულება და  ოპერირების შეთანხმება შპს ,,ენერგოტრანსსა“ და თურქეთის რესპუბლიკის TURKISH ELECTRICITY TRANSMISSION CORPORATION (TEIAS)-ს შორის, მათ ამ ოპერირების შეთანხმებით 2014 წლის 24 ივლისის სხდომის ოქმით სსე/ენერგოტრანსის და TEIAS–ს მიერ ერთობლივად დამტკიცებული ახალციხე-ბორჩხას 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის  (NTC/ATC) 2014-2015 წ.წ. განაცხადი (იხილეთ - GSE.COM.GE.-ზე). მხარეები აღიარებენ ამ შეთანხმების პირობებს, როგორც სავალდებულოდ შესასრულებელს.


4. ელექტროენერგიის შემსყიდველი საკუთარი ძალებითა და ხარჯებით აუცილებლად და დროულად  მოიპოვებს და წარმოუდგენს საექსპორტო ელექტროენერგიის მიმწოდებელს თურქეთის რესპუბლიკაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტისათვის საჭირო ყველა ნებართვას, რეგისტრაციას თუ აკრედიტაციას, აგრეთვე გააფორმებს ამასთან დაკავშირებით ყველა საჭირო შეთანხმებას (მათ შორის საჭირო მომსახურებებზე) თურქეთში მოქმედ შესაბამის უფლებამოსილ საწარმოებსა და ორგანიზაციებთან, უზრუნველყოფს იმპორტის სათანადო გაფორმებასა და შეთანხმებას თურქეთის საბაჟო ორგანოებში.


5. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი მოქმედი წესების მოთხოვნათა შესაბამისად, თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელების უზრუნველსაყოფად გაჩნდება სისტემათაშორისი ელექტროგადამცემი ხაზ(ებ)ის გამტარუნარიანობის შესაბამისი  მოცულობის მოპოვების  აუცილებლობა,  შპს ,,ენგურჰესი“ მონაწილეობას მიიღებს შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გამოცხადებულ 400 კვ.-იანი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის განაწილების (ალოკაციის) აუქციონში.  ამ განცხადებით გათვალისწინებული, თურქეთში ელექტროენერგიის საექსპორტო საბოლოო და რეალური მოცულობის განსაზღვრა, აგრეთვე საექსპორტო ელექტროენერგიის შესაბამისი გამარჯვებული პრეტენდენტისთვის მიწოდება (და ამ მიწოდებაზე ვალდებულება) დამოკიდებული იქნება ალოკაციის შედეგად მოპოვებული გამტარუნარიანობის მოცულობაზე. მას შემდეგ, რაც ალოკაციის შედეგად დაზუსტდება თურქეთის მიმართულებით განსახორციელებელი საექსპორტო ელექტროენერგიის საბოლოო მოცულობა, შპს ,,ენგურჰესის“ ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ ამ ალოკაციის შედეგად მოპოვებული მოცულობის 80 (ოთხმოცი) %-ის ფარგლებში მიწოდებაზე, რაც არ გამორიცხავს შპს ,,ენგურჰესის“ უფლებას, განახორციელოს ალოკაციით მინიჭებული მოცულობის 100%-ით მყიდველზე რეალიზაცია. საექსპორტო ელექტროენერგიის შემსყიდველი ვალდებულია დაეთანხმოს აღნიშნულ პირობას და შპს ,,ენგურჰესის“ მოთხოვნისთანავე განახორციელოს სათანადო შესწორებები ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ საექსპორტო ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკში. შპს ,,ენგურჰესის“ პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ მის (მათ) მიერ მიუწოდებელი ელექტროენერგიის პროპორციულად, ამ ელექტროენერგიის შესაბამისი ღირებულების ფარგლებში, რაც ნებისმიერი სხვა სახის ზიანის, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს. შპს ,,ენგურჰესის“ პასუხისმგებლობა შესაძლოა დადგეს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების გათვალისწინებით, საანგარიშო თვის მიხედვით საექსპორტო ელექტრონერგიის მიუწოდებლობის ან/და შემცირებული რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში და არავითარ შემთხვევაში, საექსპორტო ელექტროენერგიის საათობრივი, დღიური ან/და დეკადური მოცულობების მიუწოდებლობის ან/და არასრულად მიწოდებისას.

 

6. საექსპორტო ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ სამართალს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა წარმოადგენს, ხოლო დავის განხილველ ორგანოს- საქართველოს სასამართლო. გამარჯვებული პრეტენდენტი აღნიშნული პირობის რაიმე ფორმით ბათილობის მოთხოვნის ან/და სხვა ნებისმიერი სახით გაპროტესტების უფლების გამოყენებაზე უპირობოდ აცხადებს უარს. საქართველოს სასამართლოებს გააჩნიათ გამომრიცხავი (ექსკლუზიური) ხასიათის განსჯადობა წინამდებარე განცხადებიდან და შემდგომ გაფორმებული ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მასთან (მათთან) დაკავშირებულ (მისგან/მათგან წარმოშობილ) დავასთან. წინამდებარე დოკუმენტთან, ასევე შემდგომ გაფორმებულ ექსპორტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დავა უნდა გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სხვა ნებისმიერი (დანარჩენი) ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) გამორიცხვით. მხარეები ადასტურებენ, რომ საქართველოს სასამართლოები არიან კოპეტენტურნი და ამ პუნქტით გათვალისწინებული დათქმის საწინააღმდეგო მოქმედება ჩაითვლება შესაბამისი ვალდებულების დარღვევად და დამრღვევ მხარეს დაეკისრება ჯარიმა 100 000 აშშ დოლარის ოდენობით.